წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” მიერ გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტს “ადაპტირებული გარემო – ჩვენ თანასწორნი ვართ” ახორციელებს.
პროექტის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინტეგრაცია და სასწავლო პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენს.
პროექტის ფარგლებში სკოლაში მოეწყო რესურს-ოთახი, რომელიც შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვა. ინკლუზიური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები და გაიმართა აქცია-მსვლელობა,მასში მოსწავლეები, მშობლები და თემის მკვიდრნი მონაწილეობდნენ. ასევე გამოცხადებულია ესეების კონკურსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების თემაზე.
ორგანიზაციამ “მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის” მცირე გრანტების კონკურსი სამოქალაქო განათლების პროგრამაში “მომავლის თაობა” ჩართული სკოლებისთვის გამოაცხადა.
სამოქალაქო განათლების პროგრამას “მომავლის თაობა“ ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროგრამას იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ახორციელებს.