სოფელ ილემის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან თანამშრომლობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა პროგრამის "მომავლის თაობა“ მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის განხორციელებისას დაიწყო.

ამ თანამშრომლობის შედეგად სოფელში არსებული ნაგავსაყრელები დასუფთავების სერვისის შემოტანამ და ნაგვის ურნებმა ჩაანაცვლა.

მეორე ეტაპზე კლუბის ადვოკატირების შედეგად სკოლამდე მისასვლელი გზა მოწესრიგდა და საგზაო ბანერი განთავსდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლამდე მისასვლელ ხიდს.

31 ოქტომბერს კი სოფელ ილემის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „ედელვაისის“ წევრების მიერ, სკოლის ადმინისტრაციასთან და ადგილობრივი თვითმართველობასთან თანამშრომლობით სკოლის წინ დაიდგა სიჩქარის შემზღუდველი ბანერი და მოსწავლეებმა ზებრა გადასასვლელიც დახაზეს.

ფლორა ჯიქურიძე: "ჩვენი კლუბის მუშაობის რეალურ შედეგებს რომ ვხედავთ ყველაზე უფრო ეს გვახარებს. თანამშრომლობით ბევრის მიღწევაა შესაძლებელი - და ამის მაგალითი ჩვენს მიერ განხორციელებული ინიციატივებია."

სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობა" ხორციელდება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამერიკული ორგანიზაცია PH International- ის მიერ. იმერეთში პროგრამას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ახორციელებს.