info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30
img

გორში ევროკავშირის ახალი პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

22

გორში, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს შიდა ქართლის მხარეში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის პროექტის მიზნების, ამოცანებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.

შეხვედრაზე საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ რეგიონული ჰაბების შერჩევის კრიტერიუმებისა და ფუნქცია-მოვალეობების შესახებ.

შეხვედრას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორი, ლია კილაძე, პროექტის  - “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” მენეჯერი, დავით აფრასიძე და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ატაშე, სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის ოფიცერი, დომინიკა სკუბიდა უძღვებოდნენ.

პროექტი - "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა აქტორებთან კავშირების გაფართოებას. 

პროექტის ფარგლებში 10 რეგიონული „ჰაბი" შეიქმნება, რომელიც ხელს შეუწყობს სექტორს გააძლიეროს რეგიონულ დონეზე თანამშრომლობა და შექმნას ადგილობრივ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმები.

პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI),ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ.