info@edec.ge
+995 (0) 431 25 13 30

ჩვენი გუნდი

teacher img

ლიკა კილაძე

გამგეობის თავმჯდომარე

ლიკა კილაძე განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დამფუძნებელია. 10 წლის განმავლობაში იგი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებდა. 2018 წლიდან ლიკა კილაძე EDEC-ის გამგეობის თავმჯდომარეა.

ლიკას მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო-სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი, World Vision საქართველოს ქუთაისის სათემო ცენტრის დირექტორი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთი“ აღმასრულებელი დირექტორი იყო.

ლიკა კილაძემ აკადემიური განათლება საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სუბტროპიკული მეურნეობის, ეკონომიკის და ტურიზმის ფაკულტეტზე მიიღო. მაგისტრის ხარიხსი მას ბიზნესის და მართვის მიმართულებით მიენიჭა.საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ის ინჟინერ-ბიოტექნოლოგის მაგისტრის ხარისხსაც დაეუფლა.

ლიკა კილაძე არაერთ ტრენინგ-კურსსა და საგანმანათლებლო პროგრამაში იყო ჩართული. ორჯერ სტუმრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებს: 2008 წელს ამერიკულ ორგანიზაციაში „ამერიკის ბიზნეს პროფესიონალები” პროფესიული განათლების და სამუშაო ძალის განვითარების საკითხებს დაეუფლა, 2013 წელს კი ამერიკის შეერთებულ შტატებს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, საერთაშორისო ლიდერების პროგრამის ფარგლებში ეწვია. პროგრამა არასამთავრობო ორგანიზაციების როლსა და სამოქალაქო აქტივიზმს ეძღვნებოდა.

სოციალური საწარმოს მართვის ტრენინგ-პროგრამის და სასწავლო ტურის ფარგლებში ლიკა კილაძე 2011 წელს ჩეხეთს, უნგრეთს, სლოვაკეთსა და რუმინეთს სტუმრობდა. 2004 წელს, უნგრეთში, მარშალის ფონდის პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციაში „CC-Consultatio Ltd”, ორგანიზაციული მართვა, პროექტების მენეჯმენტი და მარკეტინგი შეისწავლა. ლიკა კილაძეს გავლილი აქვს პროფესიონალ მენეჯერთა სასწავლო პროგრამა, რომელიც საწარმოთა რესტრუქტურიზაციის და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.

ლიკა კილაძეს ტრენერის კვალიფიკაცია მიენიჭა და მრავალი წელია ორგანიზაციული მართვის, სოციალური მეწარმეობის, პროექტის მართვის, ადვოკატირების, სამოქალაქო აქტივიზმის და რესურსების მობილიზების შესახებ მის ცოდნასა და გამოცდილებას სხვებსაც უზიარებს.

ლიკა კილაძე არის საზოგადოებრივი კოლეჯის „იბერია” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ასევე, მშიდობის კორპუსის საქართველოს ოფისის ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების პროექტის მრჩეველთა საბჭოს წევრი.

ლიკა არაერთი სახელმძღვანელოს და კვლევის ავტორია. მის მიერ შემუშავებული პუბლიკაციები პროექტების მართვას, ევროკავშირთან ინტეგრაციის მნიშვნელობას და ქვეყნის შიგნით ყველაზე დაუცველი ჯგუფების მდგომარეობის კვლევას უკავშირდება.

ლიკა კილაძეს 2014 წელს მიღებული აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი - აფხაზეთიდან დევნილი თანამემამულეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციისთვის.