2020 წლის 1 ნოემბერს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ანანურიდან არაგვის სათავგადასავლო ცენტრამდე მონაკვეთზე, „კავკასიის ველო ქსელი“ ჩაატარებს ველო შეჯიბრს “Zhinvali XC Adventure 2020”, რომელიც მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრებისა და მოხალისეობრივი იდეის პოპულარიზაციას.
ველო შეჯიბრი ანანურიდან არაგვის სათაგადასავლო ცენტრამდე მოეწყობა, სადაც მონაწილეებმა მაქსიმალურად მცირე დროში უნდა დაფარონ 22 კილომეტრიანი გრუნტის გზა. შეჯიბრს ეყოლება სამ–სამი გამარჯვებული, ქალთა და მამაკაცთა კატეგორიაში, რომელსაც პარტნიორი კომპანიები (Khomi Tourist Complex, Mplus, Myvelo.ge, ატელიე აუთლეტი, GXW, სადაზღვევო კომპანია ალფა, ცისფერი მთები, Gsport) გადასცემს მედლებს და სხვა პრიზებს.
მოხალისეობის პოპულარიზაციის მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტიდან 10 მოხალისე ჩართული იქნება შეჯიბრის სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებში და ღონისძიების წარმართვაში.
ველო შეჯიბრის მონაწილის ასაკი უნდა იყოს 16+. არასრულწლოვნის შემთხვევაში საჭიროა მშობლის ან მეურვის წერილობითი თანხმობა.
ველო შეჯიბრი “Zhinvali XC Adventure 2020” ერთ–ერთი მოხალისეობრივი ინიციატივაა, რომელმაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ გამოცხადებულ კონკურსში „იდეების კონკურსი მოხალისეობრივი ინიციატივებისთვის“ გაიმარჯვა.
კონკურსი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში ჩატარდა და მისმიზნად ისახავს მოხალისეობის იდეის პოპულარიზაციის ხელშეწყობას, მოხალისეობის გზით მოქალაქეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო აქტივობებში მათი ჩართულობის გაზრდას.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).