21-27 დეკემბერს, „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის“ პროექტის ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), კერძოდ „დევნილთა უფლებების დაცვა COVID-19 კრიზისის დროს საქართველოში“ პროექტთან თანამშრომლობით, დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულთათვის თემაზე „მცირე (მიკრო) ბიზნესის მართვა“ ქოუჩინგი/მენტორინგი გამართა.
ქოუჩინგის/მენტორინგის მიზანია მცირე (მიკრო) ბიზნესის მართვის თემაზე მონაწილეებისთვის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიცემა, რომლის გამოყენებითაც ისინი შეძლებენ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის წამოწყებასა და სტაბილურ განვითარებას. სამეწარმეო განათლება ასევე ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში შემოქმედებითი მიდგომების და ლიდერობის უნარების განვითარებასაც.
ონლაინ ქოუჩინგი/მენტორინგი მოიცავდა თემებს: ბიზნესის სამართლებრივი საკითხები, ადმინისტრირება, ზოგადი საფუძვლები, მეწარმეობრივი სულისკვეთება, კომუნიკაცია, მენეჯმენტი, ფინანსები, მარკეტინგი, რესურსების მობილიზება.
ონალინ შეხვედრებს უძღვებოდნენ გამოცდილი ტრენერები ელგუჯა დეისაძე და გია ჭუმბურიძე. ტრენერებმა მონაწილეებს რეალური მცირე სამეწარმეო საქმიანობის ამსახველი მაგალითები გააცნეს. აღნიშნულ მაგალითებში ასახული პრობლემური ამოცანების გადაწყვეტა, მონაწილეებს მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობებთან დაკავშირებისა და რეალურ ცხოვრებაში გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.
პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.