2022 წელი მნიშვნელოვანი ცვლილებებით დაიწყო EDEC-ში. ჩვენ დავაფუძნეთ ახალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის”, რომელიც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ყველა არსებულ სოციალურ სერვისს გადაიბარებს და მომავალში, თემის საჭიროებებზე დაფუძნებულ ახალ სერვისებსაც განავითარებს.
დღეს, საქართველოში სოციალური სერვისების ნაკლებობაა. მრავალფეროვანი და ხარისხიანი სერვისების განვითარება კი სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ძალისხმევის გაწევასა და სამოქალაქო სექტორის კომპეტენტური წარმომადგენლების აქტიურ ჩართულობას მოითხოვს.
ჩვენი მიზნობრივი აუდიტორიისთვის კარგად არის ცნობილი, თუ რა წვლილი აქვს შეტანილი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს სოციალური სერვისების დანერგვასა და მიწოდებაში. შეზღუდული შესაძლებლობლობის მქონე ბავშვებისთვის პირველი დღის ცენტრები სწორედ ჩვენს მიერ დაარსდა ქუთაისში, სამტრედიასა და თერჯოლაში. მოგვიანებით სერვისი ხელმისაწვდომი გახდა სოფელ საგურამოსა და მის შემოგარენში მცხოვრები მოსახლეობისთვის. თუმცა, დღეს ორგანიზაციის საქმიანობები იმდენად მრავალმხრივი და მასშტაბური გახდა, რომ დღის წესრიგში ფოკუსის დავიწროვების საკითხი დადგა. პირველ რიგში ეს საჭიროა იმისთვის, რომ ორგანიზაციამ მომავალშიც შეძლოს სტაბილური განვითარება, ხოლო მეორე მხრივ, მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ საქმის კეთების პროცესში. დღეს EDEC-ის გუნდი 62 კვალიფიციური ადამიანისაგან შედგება, რომლებიც ოთხი პროგრამული მიმართულებით მუშაობს. თითოული პროგრამის ფარგლებში კი სხვადასხვა ტიპის პროექტები და სერვისები ხორციელდება და ამასთანავე, დამოუკიდებლად განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.
აქედან გამომდინარე, ორგანიზაციის უმაღლესმა მენეჯმენტმა, ბავშვთა დაცვის პროგრამის ბაზაზე, მართებულად მიიჩნია დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციის, ,,ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის”, დაფუძნება მისიით: ბავშვთა და ზრდასრულთა თანაბარი შესაძლებლობების და უფლებების რეალიზაციისთვის, მხარი დაუჭიროს მათ სოციალურ და ეკონომიკურ ინკლუზიას, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას, საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული სერვისების განვითარებას. ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ყველა არსებულ სერვისს გადაიბარებს, კერძოდ: დღის ცენტრებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ქუთაისში, სამტრედიაში, თერჯოლასა და სოფ. საგურამოში. დღის ცენტრს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზრდასრულებისთვის სოფ. საგურამოში. მეტყველების თერაპიის ცენტრებს ქუთაისსა და ზუგდიდში. 2023 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა ცენტრები გაიხსნება ბაღდათის მუნიციპალიტეტშიც. მიმდინარე სევისების მიწოდების მაღალი ხარისხის შენარჩუნების პარალელურად, გვჯერა, რომ ,,ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევებისა და განვითარებისთვის“ მომავალშიც, სამიზნე ჯგუფებს არაერთ საინტერესო პროექტსა და საჭირო სერვისს შესთავაზებს.
თავად განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, რა თქმა უნდა გააგრძელებს საქმიანობებს სოციალური სფეროს განვითარებასთან დაკავშირებით. კერძოდ, გააძლიერებს საქმიანობებს ადვოკატირების, ლობირებისა და მონიტორინგის მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველოს რეგიონებში გაიზარდოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გავლენა ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში და ამისთვის სამოქალაქო სექტორს მიზნობრივ პროგრამებში მონაწილეობას შევთავაზებთ.