განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) და საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის პარტნიორობით, საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ახალგაზრდა ლიდერები ქუთაისიდან სხვადასხვა ინსტიტუციას ესტუმრნენ თბილისში.
ახალგაზრდა ლიდერები „112“-ის თბილისის ცენტრს ესტუმრნენ, სადაც გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრისა და საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარე პროექტებს გაეცნენ. ვიზიტის ფარგლებში, ცენტრის წარმომადგენელმა ახალგაზრდებს ქვეყნის მასშტაბით მოქმედ „ჭკვიან” კამერებსა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით მათ როლზე ესაუბრა.
მოგვიანებით ახალგაზრდა ლიდერებმა საავტომობილო გზების დეპარტამენტში გადაინაცვლეს, სადაც დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში ქალის მნიშვნელოვანი როლის შესახებ ისაუბრეს, რათა მეგზევის, ინჟინრის, მშენებლის პროფესია დამამთავრებელი კლასის გოგონებისთვისაც სასურველი გახდეს.
ახალგაზრდები ასევე ეწვივნენ თბილისის მერიას და კომპანიას „გრინვეი“, სადაც ტექნიკური ინსპექტირების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს. ყოველი შეხვედრისას, ახალგაზრდები მათთვის საინტერესო თემებზე საუბრობდნენ, შეკითხვებს სვამდნენ და ამომწურავ პასუხებს იღებდნენ.
ქუთაისელი ახალგაზრდა ლიდერები აპირებენ, რომ ვიზიტის ფარგლებში მიღებული ცოდნა თანაქალაქელებს გაუზიარონ რათა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით დედაქალაქში არსებული გამოცდილება, იმერეთის რეგიონის გზებზე უსაფრთხოებისთვის გამოიყენონ.