„პროექტის შედეგად ონის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები მეტად შეძლებენ რეგიონში ახლად შექმნილი შესაძლებლობების გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის მრავალფეროვან განვითარებასა და რესურსების მეტად გადანაწილებას ადგილობრივ მოსახლეობაზე.“
გვანცა აქიაშვილი,
პროექტის მენეჯერი
უკვე ოთხი წელია რაც თბილისიდან რაჭაში გადავედი საცხოვრებლად. როგორც ადგილობრივი თემის სხვა ყველა წევრს, მეც რაჭის განვითარების დიდი სურვილი მაქვს. ამისთვის თემის ყველა წევრი იმას აკეთებს, რაც შეუძლია. მეც არაფორმალური განათლების სფეროში 15 წლიანი გამოცდილების რაჭის ახალგაზრდებისა და თემისთვის გასაზიარებლად მცირე საინიციატივო ჯგუფი ჩამოვაყალიბე. პირველი მოხალისეობრივი ინიციატივა კოვიდ პანდემიის დროს სწორედ EDEC-ის მხარდაჭერით განვახორციელეთ. ინიციატივამ ხელი შეუწყო რეგიონისთვის არასეზონურ პერიოდში, (შემოდგომა-ზამთარში) და განსაკუთრებით კი, კოვიდ პანდემიის დროს, ადგილობრივ ახალგაზრდებს გაეჩინათ საინტერესო საქმიანობა, ემუშავათ პრობლემური საკითხების კრეატიულად წარმოჩენაზე და მოწყვლადი ჯგუფების (80+ ასაკის ადამიანების) საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვაზე.
ახლა უკვე როგორც ახლადდაფუძნებული ორგანიზაცია „მთისა – მთის განვითარებისთვის“ EDEC-ის მხარდაჭერით ვახორციელებთ პროექტს, რომლის მიზანია ონის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების გაძლიერება რეგიონისთვის აქტუალურ და მათთვის მნიშვნელოვან თემებზე ცოდნის გადაცემით, გამოცდილების გაზიარებითა და უნარების განვითარებით.
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი მოსახლეობისაგან ყველაზე სწრაფად დაცლადი მხარეა. თუმცა, აქ არსებული მრავალმხრივი ტურისტული პოტენციალისა და რესურსების გათვალისწინებით, რაჭა თავისუფლად შეიძლება მოვიაზროთ ქვეყნის ერთერთ ყველაზე მიმზიდველი რეგიონად. აუცილებელია მოსახლეობის გაძლიერება, ცოდნის გენერირება, რათა ჩვენ შევძლოთ თვითმობილიზება, რეგიონში წარმოდგენილი რესურსების მდგრადად ათვისება და ტურისტული პოტენციალის გამოყენება.
აღნიშნულმა კონკურსმა მოგვცა შესაძლებლობა უკვე დიდ ხანს ნაფიქრი იდეის განხორციელებისათვის პირველი ნაბიჯები გადაგვედგა. პირველ რიგში, პროექტით გათვალისწინებული სამუშაო შეხვედრები იქნება რეგიონის განვითარებით დაინტერესებული ახალგაზრდებმა გაცვალონ იდეები და ერთობლივად იმუშაონ. არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ექსპერტ-ფასილიტატორები მონაწილეებს გაუზიარებენ ცოდნას რეგიონის განვითარებისათვის ისეთ აქტუალურ თემებზე როგორიცაა: მდგრადი განვითარების პრინციპები და მიდგომები; თემის განვითარება, თემის საჭიროებებისა და შესაძლებლობების კვლევა და სათემო ტურიზმის კონცეფცია; იდეების განვითარება და პროექტების დაგეგმვა; მდგრადი ღონისძიებების დაგეგმვა; ფონდების მოძიება; მონაწილეები მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაშიც გადაიტანენ.
ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერ თემს, რომელსაც თვითმობილიზების უნარი და თვითგანვითარების მოტივაცია აქვს, შეუძლია გაიფართოვოს შესაძლებლობები და არსებული რესურსების მდგრადი გამოყენებით შეიქმნას უკეთესი ცხოვრება.