„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენს პროექტს მეტი მოხალისე შემოუერთდეს, რათა გავაფართოოთ ჩვენი მოქმედების არეალი, ვეცდებით მეტი მეორადი ნედლეული შევაგროვოთ და ჩავაბაროთ შესაბამის გადამამუშავებელ კომპანიებს, რათა ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ გარემოს დაცვაში, ვინაიდან ნარჩენების ეფექტური მართვა სუფთა გარემოს საწინდარია“.
ლამზირა ონიანი. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის წამყვანი მასწავლებელი.
პედაგოგიური საქმიანობიდან გამომდინარე დიდი ხანია მოხალისეობრივად ჩართული ვარ სხვადასხვა პროექტებში გარემოს დაცვის მიმართულებით, რომელთა განხორციელების შემდეგ მოსწავლეები, მასწავლებლები და თემის სხვადასხვა წარმომადგენლები სარგებელს იღებენ, კერძოდ ხდება გარემოს დაცვის საკითხებში ცნობიერების ამაღლება, სკოლაში სხვადასხვა მატერიალური ფასეულობების შეძენა და მათი საშუალებით მოსწავლეების შრომითი, შემოქმედებითი და კომუნიკაბელური უნარების განვითარება.
სოციალურ ქსელში გავეცანი განათლების განვითარების ცენტრის მიერ გამოცხადებულ „სამოქალაქო ინიციატივების“კონკურსს, რომლითაც დავინტერესდი, მონაწილეობა მივიღე და მიღებულმა გრანტმა საშუალება მოგვცა ჩვენი (სკოლის) ოცნება რეალობად გვექცია. შევიძინეთ ნარჩენების დასახარისხებელი ფერადი ურნები, რომლებსაც გავუკეთეთ შესაბამისი წარწერები, განვათავსეთ დეხვირის საჯარო სკოლისა და ბაღის, ლასურიაშის საჯარო სკოლის, საკრებულოს, რესურსცენტრის, სარიტუალო დარბაზებისა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიებზე. მოხალისეობრივი იდეის განხორციელებაში ჩართული არის დეხვირის საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე-მასწავლებელი დირექტორის ქალბატონ ხათუნა ხეცურიანის მხარდაჭერით.
პროექტის განხორციელებით, სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი, მოსწავლეები, მასწავლებლები, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი, თემის წარმომადგენლები, მშობლები, აიმაღლებენ ცნობიერებას მოხალისეობის შესახებ, გაეცნობიან მოხალისეობრივი ციფრული პლატფორმა “Volunteer.ge“- ს, რითაც ხელს შევუწყობთ ცოდნის, სიკეთისა და გამოცდილების გაზიარებას. ასევე, პროექტში ჩართული ადამიანები, აიმაღლებენ ცოდნას ნარჩენების ეფექტური მართვის საკითხში. შეძლებენ თეორიული ცოდნაზე დაყრდნობით განახორციელონ პრაქტიკული ქმედება, მოხალისეობრივად მიიღებენ მონაწილეობას ნარჩენების შეგროვებაში, რაც ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს გაუჩენს მოტივაციას გარემოს დაცვის საკითხებში აქტიურად ჩაერთონ.
ჩვენს პროექტს დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა ცაგერის ადგილობრივმა ხელისუფლებამ(მერია; საკრებულო; რესურსცენტრი), მადლობა მათ. ცაგერის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა ჩვენი პროექტის ფარგლებში განხორციელებული სხვადასხვა აქტივობები, რამაც ხელი შეუწყო მუნიციპალიტეტში პროექტის ცნობადობის გაზრდას.