სამეწარმეო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში, შეიქმნა.
II სამეწარმეო სკოლის 22 მსმენელი 96 საათიანი კურსის ფარგლებში, შეისწავლის ბიზნესის ზოგად მართვას, მარკეტინგს, ფინანსურ მართვას, რესურსების მობილიზებას, ციფრულ მარკეტინგს. ახალგაზრდები, თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, გამოიმუშავებენ სამეწარმეო უნარებს; თავიანთი ბიზნეს იდეების დასახვეწად, ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებულ კონსულტაციებს, მენტორისა და ქოუჩის მხარდაჭერას მიიღებენ.
პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.