10 მარტს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, საორგანიზაციო კომიტეტის წევრებისთვის ტრენინგი გამართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის მოსახლეობის ფორუმის/დასახლების საერთო კრების ინოვაციური მოდელის გაცნობა, მისი არსისა და მნიშვნელობის გაზიარება, ფორუმის ჩატარების მეთოდოლოგიისა და საორგანიზაციო კომიტეტის ფუნქციების შესახებ მონაწილეთა ინფორმირება. ტრენინგზე, მხარეებმა, მოახდინეს პრიორიტეტების შერჩევა და გაეცვნენ იმ მნიშვნელოვან საორგანიზაციო საკითხებს, რომელთა ცოდნა აუცილებელია ფორუმების დაგეგვისა და ორგანიზების დროს. დასახლების საერთო კრების ინოვაციური მოდელი ითვალისწინებს, ბაღდათის, დუშეთისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის საერთო კრების ჩატარებასა და 2024 წლის ბიუჯეტის ფორმირებაში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფას. ტრენინგს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე, ლიკა კილაძე და ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია ნამიჭეიშვილი უძღვებოდნენ.
ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის ,,მოქალაქეთა გაძლიერება ადგილობრივ მმართველობაში მდგრადი განვითარების მიზნით” ფარგლებში, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში (ბაღდათი, ამბროლაური, დუშეთი) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის ღია დიალოგის ხელშეწყობა და მოსახლეობის მონაწილეობითი როლის გაზრდა ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პროცესში.