განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრთან “ლოგომედი” თანამშრომლობით, 10 და 11 სექტემბერს ზუგდიდსა და ქუთაისში 88 ბავშვს მეტყველების პირველადი დიაგნოსტიკა უფასოდ ჩაუტარა.
უფასო კონსულტაცია, მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა აღმოჩენას, დიაგნოსტიკას, მიზეზის დადგენას, პრობლემის დასაძლევად საჭირო ღონისძიებებისა და მოქმედების გეგმის დასახვას ითვალისწინებდა მიზნად.
გამოკვლევის პროცესი “ლოგომედის” ხელმძღვანელმა ეკატერინე ჭავჭავაძემ ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად წარმართა.
კონსულტაციები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდა.