ზუგდიდში შემდუღებლის მომზადება–გადამზადების პროფესიული პროგრამა დუალური პრინციპით – სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებით მიმდინარეობს.
კურსის 9 მონაწილე პროფესიას თეორიულად პროფესიულ კოლეჯ ,,ზუგდიდის აკადემიაში“ ეუფლება, ხოლო პრაქტიკას – სს ,,მანქანათმშენებელსა“ და შპს ,,ქალაქმშენში“.
,,კარგია რომ ამ პროფესიის მიმართულებით კადრების გადამზადება ხდება, რადგან კარგი შემდუღებლების დიდი დეფიციტი გვაქვს.“ – აღნიშნა სს ,,მანქანათმშენებელის“ დირექტორმა ბესიკ გარდავამ.
200 საათიანი კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები ანაზღაურებად სამთვიან სტაჟირებებს გაივლიან.
,,ვიცი, რომ მოთხოვნადი პროფესიაა და დასაქმების რეალური შანსები მექნება, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ კურსის მონაწილე გავმხდარიყავი“ – აცხადებს ლუკა შულაია.
პროგრამა პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.
პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.