ზუგდიდში მზარეულის დუალური პროფესიული მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსის თეორიული ნაწილი ონლაინ მიმდინარეობს, რომელიც პროფესიული ცოდნის მიღების შესაძლებლობის გარდა, ცნობილ და თავიანთ პროფესიაში წარმატებული ადამიანების შეხვედრებსაც მოიცავს.
მზარეულის კურსის მონაწილეებს პროფესიული შარმი მაღალრეიტინგული სატელევიზიო გადაცემა ,,მასტერშეფის“ გამარჯვებულმა ნუცა სურგულაძემ გაუზაიარა. ნუცამ საფრანგეთსა და საქართველოში შექმნილი კარიერის კვალდაკვალ ისაუბრა მზარეულის პროფესიის დაბრკოლებებსა და ხიბლზე, განვითარების შესაძლებლობებსა და მიზანდასახულობის მნიშვნელობაზე.
,,ასეთ შეხვედრები თეორიული სასწავლო პროგრამის ნაწილია, რადგან მონაწილეებისათვის მნიშვნელოვანია, მზარეულის უნარ–ჩვევების გარდა, შეძლონ საკუთარი თავის წარმოდგენა, პრეზენტაცია.“– განაცხადა კურსის ხელმძღვანელმა, რესტორატორმა იაგო
ფასანძემ.
პროგრამა ახალგაზრდებს პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისს უნარ-ჩვევებსა და ცოდნას შესძენს, რაც მათ კარიერული წინსვლისა და დასაქმების შესაძლებლობებს გაზრდის.
პროგრამა პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.
პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.