დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდებისთვის მოცვის კულტურის აგრო კონსულტანტის მოკლევადიანი მომზადება–გადამზადების პროფესიული პროგრამა მიმდინარეობს. მასში 23 ადამიანი მონაწილეობს.
პროგრამის ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) თანამშრომლობს ა(ა)იპ „საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასთან“ (GBGA), რომელიც უზრუნველყოფს თეორიული კურსის ჩატარებას ზუგდიდში არსებულ სასოფლო-სამეურნეო რესურს-ცენტრში ,,AGROსახლი”. გარდა ამისა, ასოციაციაციის ბაღებში, რომელიც სამეგრელოს სხვადასხვა სოფლებში მდებარეობს, მიმდინარეობს კურსის მონაწილეების პრაქტიკული სწავლება.
კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეები ასოციაციის ბაღებში 3–თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.
სასწავლო კურსები პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება.
პროექტი იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
პროექტი „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.