სამეწარმეო სკოლამ გორში მუშაობა დაასრულა. ერთი თვის განმავლობაში 22–მა ახალგაზრდამ შიდა ქართლის რეგიონიდან სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო უნარები გაიძლიერა. სკოლის მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ.
სამეწარმეო სკოლის ფარგლებში მსმენელებმა ზოგადი მენეჯმენტის და ბიზნესის დაგეგმვის. მარკეტინგის, რესურსებისა და ფონდების მოძიების, ფინანსური მართვის, ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების შესახებ ტრენინგები გაიარეს.
სამეწარმეო სკოლის მსმენელებმა თავიანთი ბიზნესიდეების დასახვეწად ინდივიდუალური, საჭიროებებზე დაფუძნებული კონსულტაციები, მენტორისა და ქოუჩის მხარდაჭერა მიიღეს.
სამეწარმეო სკოლის ფარგლებში მსმენელები სასწავლო ვიზიტით სხვადასხვა კომპანიაში იმყოფებოდნენ. ისინი ფერმერთა სახლს „აგროქართლი • Agrokartli”, გორის საკონსერვო ქარხანას „კულა” ძევერის მეფრინველეობის ფაბრიკას და რძის საწარმო „ნებიერა”–ს ესტუმრნენ.
ვიზიტების ფარგლებში მსმენელბი საწარმოო პროცესს გაეცნენ, მათთვის საინტერესო საკითხებზე შეკითხვები დასვეს და პასუხები მიიღეს. სტუდენტებს განსაკუთრებულად, პროდუქციის გაყიდვის მაჩვენებელი, ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები და დასაქმების შესაძლებლობები აინტერესებდათ.
სამეწარმეო სკოლა გორში პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში დაფუძნდა.
პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საზოგადოებაში მონაწილეობა გაძლიერდეს.
პროექტს „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ახორციელებს.