ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (KEDEC) ბიზნეს საინფორმაციო ცენტრის (BIC) წარმომადგენლებმა დევნილთა სათემო ორგანიზაციებისათვის დევნილთა დასახლებებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
შეხვედრების მიზანია სათემო ორგანიზაციების გაძლიერება, საარსებო წყაროების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და არსებულ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გზების გაცნობა.
საინფორმაციო შეხვედრებისას პროგრამების პრეზენტაციის პროცესში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ქუთაისის საკონსულტაციო ცენტრისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის წარმომადგენლები.
სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის პროგრამის – „მოწყვლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება გენდერული ასპექტების გათვალისწინებით, მათი საარსებო წყაროების თანადაფინანსებისა და სოციალური გააქტიურების ხელშეწყობის გზით“ შესახებ. ასევე გაეცნენ სხვადასხვა პროფესიული განვითარების პროგრამებს.
პროექტი “დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე – ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის’’ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთის” მიერ ხორციელდება. ქუთაისში პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.