მადონა ხაზიური, ამჟამად რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე მუშაობს
„კულინარია ხელოვნებაა, მზარეული კი ხელოვანი, რომელიც დაუვიწყარ გემოებს ქმნის“
კულინარისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ბავშვობიდანვე ვიჩენდი. მამა პროფესიით მზარეული იყო და თავიდანვე უდიდესი ენთუზიაზმით ვადევნებდი თვალს მის საქმიანობას. შესაბამისად სამზარეულოში დიდ დროს ვატარებდი. მიყვარდა ექსპერიმენტები, სხვადასხვა გემოების შეხამება კერძების მომზადების დროს. ასე იქცა კულინარია ჩემი ბავშვობის გატაცებად და ამ სფეროს, ჩემი მომავალი პროფესია სამუდამოდ დავუკავშირე.
დასაქმების პროგრამის შესახებ შესახებ სოციალური ქსელიდან გავიგე და გადავწყვიტე შანსი გამომეყენებინა. მეორე დღესვე მივედი დასაქმების ცენტრში, სადაც გამიწიეს კონსულტირება და გასაუბრების პროცესშივე დავრწმუნდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ოჯახში მზარეულად მუშაობის გამოცდილება მქონდა, თუმცა, ვხვდებოდი, რომ ეს არ იყო საკმარისი ჩემი კულინარიული შესაძლებლობები ბოლომდე მეჩვენებინა. მჭირდებოდა პრაქტიკა და სამუშაო ადგილი, სადაც პროფესიას ბოლომდე დავეუფლებოდი და უნარებს განვავითარებდი. ძალიან გამიმართლა. დასაქმების პროგრამის დახმარებით გავიარე თეორიული და პრაქტიკული კურსი. ასევე, სამუშაო გამოცდილებისა და პრაქტიკული უნარების განვითარების მიზნით, გავიარე საწარმოო პრაქტიკა რესტორან ,, თავადური’’- ში, სადაც, როგორც წარმატებულ კურსდამთვრებულს, გადმომეცა სამუშაო იარაღები. პრაქტიკის პროცესში, მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორები მაქსიმალურად მეხმარებოდნენ და ყველაფერს მასწავლიდნენ. ასე ვიქეცი მზარეულად და ოცნება რეალობად ვაქციე. დღეს რესტორანში „თავადური“ მზარეულის პოზიციაზე ვმუშაობ. მაქვს არაჩვეულებრივი სამუშაო გარემო და საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს. მიმაჩნია რომ პროფესიას არც ასაკი აქვს და არც სქესი. წარმატების მთავარი განმსაზრვრელი ფაქტორი არის სურვილი, რომელსაც ბოლომდე უნდა მიჰყვე და შედეგით დატკბე.