მარიამ როსტომაშვილი ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც დასაქმების პროექტის შესახებ სოციალური ქსელიდან შეიტყო.
,,უმუშევარი ვიყავი, ამიტომაც დავუკავშირდი თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (TEDEC) დასაქმების კონსულტანტებს და დავნიშნეთ შეხვედრა. მათ გამიწიეს კონსულტირება, დამეხმარნენ CV-ის მომზადებაში, გაითვალისწინეს ჩემი გამოცდილება, ინტერესები და დაიწყეს ჩემთვის შესაბამისი სამსახურის მოძიება. სამსახური მალევე გამოჩნდა, შედგა გასაუბრება, გავიარე ერთ კვირიანი სტაჟირება, შევისწავლე პროდუქცია და გავხდი MANAMO HOME ის ოფიციალური თანამშრომელი. თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, გარემო ძალიან მეგობრულია და პრობლემის არსებობის შემთხვევაში გუნდურად ვპოულობთ გადაჭრის გზებს. დასაქმების კონსულტანტები რეგულარულად ინტერესდებიან ჩემი სამუშაო პროცესით, რაც უფრო კომფორტულ გარემოს ქმნის’’- გვიყვება მარიამი.
პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტთან (ICI) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტი, რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში – იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება, მიზანად ისახავს განათლებადან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაციას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმების შედეგების მიღწევას, სოციალურ ინტეგრაციას და სიღარიბისა და მოწყვლადობის დონის შემცირებას.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ექვს რეგიონში ფუნქციონირებს დასაქმების ცენტრი, რომელიც სამუშაოს მაძიებლებს კარიერული განვითარების და დასაქმების სერვისებს სთავაზობს.