განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) 4 დღის განმავლობაში ქ.ბორჯომში ადგილობრივ თვითმმართველობებთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოების გაძლიერების ტრენინგი ჩაატარა.
ტრენინგის მიზნების და პროექტის შესახებ მონაწილეებს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე ესაუბრა. ტრენინგის პირველ დღეს მონაწილეებმა მრჩეველთა საბჭოს კვლევის პრეზენტაცია მოისმინეს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ მახარაძემ წარადგინა.
მეორე დღეს სამუშაო პროცესი შეზღუდული შესაძლებლობასთან დაკავშირებული ტერმინების და იარლიყების შესახებ მსჯელობით გაგრძელდა. აღნიშნულ საკითხზე მონაწილეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ მახარაძე ესაუბრა, მანვე განიხილა სოციალური მოდელის არსი და მნიშვნელობა.
ტრენინგის მონაწილეებს საჭიროებებსა და უფლებებზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკის და შეზღუდული შესაძლებლობების კლასიფიკაციის თანამედროვე მიდგომების შესახებ სოციალური მუშაობის მაგისტრი ნელი აკობია ესაუბრა.
ტრენინგის მესამე დღეს მონაწილეები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას, საერთაშორისო და ადგილობრივ დოკუმენტებს და სამოქმედო გეგმებს გაეცნენ. მნიშვნელოვანი დოკუმენტები მათ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსმა ირინა ობოლაძემ გააცნო.
საქართველოს სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს წევრმა კობა ნადირაძემ და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა გიგა სოფრომაძემ კონვენციის იმპლემენტაციაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის წარმატებული მაგალითები, პრაქტიკა და უფლებებზე დაფუძნებული სერვისები განიხილეს.
ტრენინგის ბოლო დღეს მონაწილეებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საბჭოს სტრუქტურის და დებულების შესახებ ისაუბრეს, სამომავლო გეგმები დასახეს და ტრენინგის მუშაობა შეაჯამეს.
ტრენინგი ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), მის პარტნიორ ორგანიზაციებთან – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.