2023 წლის 31 აგვისტოს, სასტუმროში „რადისონ ბლუ ბათუმი“, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში, შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესიის დანერგვასთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა მოეწყო.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული კოლეჯების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, მედია ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები.
შეხვედრაზე, ახალი პროფესიის წარდგენასთან ერთად, ისაუბრეს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის როლზე პროფესიების განვითარებაში, იმსჯელეს ახალი პროფესიების დანერგვის მნიშვნელობაზე და სექტორთაშორისი თანამშრომლობის პრაქტიკებზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს შენობა-ნაგებობის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლისა და მართვის სამუშაოების მოკლევადიანი მომზადების პროგრამა. ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია.
ღონისძიება ორგანიზებული იყო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA) პარტნიორობით, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ფარგლებში.
პროექტს „ჩემი სახლის მმართველი – სწავლა მომავლისთვის“ ახორციელებს ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში (IWO e.V), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), ჰანზას პარლამენტი (HP) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი (CHCA), გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ფინანსური მხარდაჭერით.