2024 წლის 26 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და აჭარის რეგიონული ჰაბის – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართა.
ფორუმს ესწრებოდნენ ახალგაზრდები (უფროსკლასელები, სტუდენტები), მოხალისეები, პედაგოგები, ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების, თვითმმართველობების, მედიისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები. ფორუმის მიზანი იყო აჭარის რეგიონის ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, ასევე, მოსახლეობაში რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა, მათი საქმიანობის, განხორციელებული პროექტების შესახებ რეგიონის მოსახლეობის ინფორმირება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ ნდობის ამაღლება.
ფორუმის ფარგლებში, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, მოეწყო აჭარის რეგიონში მოქმედი სათემო კავშირების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საქმიანობის გამოფენა/პრეზენტაცია. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათი საქმიანობის შესახებ და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვა შესთავაზეს.
ფორუმზე, ასევე, მოეწყო პარალელური სესიები – პანელური დისკუსია თემაზე:”აჭარაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოხალისეობრივი საქმიანობა პრაქტიკაში” და შეხვედრა ახალგაზრდებთან თემაზე ,,მოხალისეობის გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში”. ღონისძიების ბოლოს საუკეთესო მოხალისეები დაჯილდოვდნენ.
ღონისძიება გაიმართა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).