ღონისძიება ორგანიზებულია საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვისა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ, გაეროს მხარდაჭერით.
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გაეროს მუდმივ კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ, ახალგაზრდა ლიდერებთან ერთად, ხეების დარგვის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების ოფიციალურ გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ – გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე და გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლი ესმა გუმბერიძე.
ღონისძიების ბოლოს, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში კვირეულის ფარგლებში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების თემაზე ორგანიზებული ნახატების კონკურსისა და ვიქტორინის გამარჯვებულებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
მდგრადი განვითარების მიზნების და ახალგაზრდობის თემას მიეძღვნა ესმა გუმბერიძის, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის საჯარო ლექცია.
17-24 ოქტომბერი საქართველოში გაეროს კვირეულს ეძღვნება, რომლის მთავარ თემას გლობალური მიზნების თაობა წარმოადგენს (Global Goals Generation). კვირეულის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება, მათ შორის, თბილისის გამწვანებისთვის, 550 ხე დაირგვება.