ჩვენს სკოლაში მოქმედი საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. ერთ-ერთია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსის პროექტი სკოლის მოსწავლეებისათვის : „მემკვიდრეობის ტურიზმი: წარსულის გახსენება, მომავლის ფორმირება“, რომლის ფარგლებშიც ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს ერთდღიანი ტური სახელწოდებით „ლაზთა ამბავი“, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება ნომინაციაში „საუკეთესო ეთნო ტური“.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ გამოცხადებულ მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის იდეა სარფში მცხოვრები მოსახლეობის დიდმა სატკივარმა გააჩინა. ამ ულამაზეს სოფელში ისტორიული ლაზეთის მკვიდრნი სახლობენ. ლაზები საუბრობენ ქართველურ ენათა ჯგუფში შემავალ ლაზურ ენაზე. 2011 წლიდან ლაზური ენა მეგრულსა და სვანურთან ერთად იუნესკომ „აშკარად საფრთხეში მყოფი“ ენების სიაში შეიტანა. სოფელში ლაზურად მოლაპარაკეთა უმრავლესობა უფროსი თაობის წარმომადგენელია. ახალგაზრდები ნელ-ნელა ივიწყებენ ან საერთოდ არ იციან ლაზური ენა, რომელსაც გაქრობის საფრთხე ემუქრება.
ამ პროექტით, გვსურს დავაფიქროთ სასკოლო თემი , რომ მოხალისეობრივი კულტურის ამაღლებით, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებით, შესაძლებელია კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა და გაფრთხილება.