„ჩემი იდეა იყო შემექმნა საბანაკე ტიპის ორთვიანი აკადემია, სადაც სკოლის მოსწავლეები ნულოვანი გამოცდილებით დაიწყებდნენ ყველა იმ უნარის შესწავლას და გამოყენებას, რომელიც წაახალისებდა და გააუმჯობესებდა მათი მოხალისეობის ხარისხს“.
– ლიზი ბეღელაძე, საინიციატივო ჯგუფის “ახალგაზრდები ზესტაფონისთვის” თანადამფუძნებელი და პროექტების მენეჯერი.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ჭარბად არსებული სოციალური პრობლემების მიუხედავად პრაქტიკულად არ არსებობს აქტივისტთა არანაირი ჯგუფი. მოსახლეობას დაბალი ცნობიერებისა და ინფორმაციული ვაკუუმის გამო არ შეუძლია საკუთარი პრობლემების ადვოკატირება, ადგილობრივ მოხალისეობრივ ჯგუფებს სჭირდებათ კომპეტენციის ამაღლება და უნარების განვითარება რეალური პოზიტიური ცვლილებების გამოსაწვევად.
მე და ჩემმა მეგობრებმა მოხალისეობის ბაზაზე შევქმენით საინიციატივო ჯგუფი “Youth for Zestafoni/ ახალგაზრდები ზესტაფონისთვის”, ქალაქში პირველი სათემო ორგანიზაცია. ჯგუფი 2022 წელს ჩამოყალიბდა და ცოდნასთან ერთად საკმაოდ დიდი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება დააგროვა. ჯგუფი აერთიანებს 6 თანადამფუძნებელს და 10 მოხალისეს. საწყისს ეტაპზე გავიარეთ UNFPA-სა და “იმერეთის განვითარების ცენტრის” მიერ შემოთავაზებული, სოციალურ საკითხებზე მუშაობის სპეციფიკაზე ორიენტირებული, კომპლექსური ტრენინგი: “ახალგზრდები სოციალური ცვლილებებისთვის”. მას შემდეგ, ყოველდღიურად ვცდილობთ კვალიფიკაციის ამაღლებას. ახლა უკვე მოვიპოვებთ მცირე გრანტებს, ვმუშაობთ , ვთანამშრომლობთ არასამთავრობო და სამთავრობო ორგანოებთან, შედეგად სრულ რესურსს ვდებთ თემის განვითარებაში. სწორედ პოტენციურად ახალი გუნდის წევრების აღმოჩენა იყო პროექტის დაწყების მთავარი მოტივაცია.
ზესტაფონელი ახალგაზრდებს მოხალისეობის მიმართ ნაკლები ინტერესი აქვთ, ძალიან დიდი პრობლემაა შიდა მიგრაციაც და ახალგაზრდული კაპიტალის ქალაქიდან გადინება. შესაბამისად, გუნდში არათუ ახალი წევრების მისაღებად გამოცდილი კადრის პოვნა, არამედ მოხალისეთა კლუბისთვის დაინტერესებული ახალგაზრდების პოვნაც კი სირთულეს წარმოადგენს.
კონკურსში მონაწილეობა ამ პრობლემების მოგვარებასთან ერთად ჩემს თემში ახალგაზრდული ცხოვრების გამრავალფეროვნებისთვისა და ახალგაზრდებისთვის სოციალიზაციის სივცრეების შექმნისთვის გადავწყვიტე. ჩემი იდეა იყო შემექმა საბანაკე ტიპის ორთვიანი აკადემია, სადაც სკოლის მოსწავლეები ნულოვანი გამოცდილებით დაიწყებდნენ ყველა იმ უნარის შესწავლას და გამოყენებას, რომელიც წაახალისებდა და გააუმჯობესებდა მათი მოხალისეობის ხარისხს. რადგან ქალაქში გამოცდილი კადრების დეფიციტია, აკადემია ხელს შეუწყობს ნიჭისა და პოტენციალის აღმოჩენას ახალბედებში, რათა გადაამზადოს ისინი გამოცდილ კადრებად და აქტიურ მოქალაქეებად . აკადემიის შემდეგ მოხალისეები გახდებიან პოტენციურად საინიციატივო ჯგუფის ან სხვა აქტიური მოხალისეთა კლუბის წევრები, რაც ამ პროექტის მდგრადობაზე მეტყველებს.
ინიციატივის მიზანი იყო მდგრადი საკომუნიკაციო ქსელის შექმნა მოხალისეებისთვის, მოხალისეობრივი საქმიანობისა და სოციალური აქტივიზმის წახალისება სკოლის ასაკიდან, ხელი შეუწყოს ნიჭისა და პოტენციალის აღმოჩენას, ახალგაზრდების გადამზადება და განვითარება რათა ისინი ჩამოყალიბდნენ კომპეტენტურ კადრებად საკუთარი თემის განვითარებისთვის, შიდა მიგრაციის ხელის შეშლა, არაფორმალური განათლების გავრცელება და მოხალისეობრივი პლატფორმის Volunteer.ge -ს პრაქტიკაში დანერგვის წახალისება. აღსანიშნავია რომ პროექტი ითვალისწინებს მდგრადობას, რაც გამოიხატება იმით, რომ ქალაქს შეემატება ინტელექტუალური კაპიტალი, 40 ახალგაზრდა მოხალისე/აქტივისტი სრულად აღჭურვილი ცოდნითა და ყველა იმ უნარით, რომელიც დაეხმარება საკუთარ თემში კეთილდღეობისა და რეალური პოზიტიური ცვლილებების გამოწვევაში.