EDEC- ის ერთ–ერთი პროექტის შესახებ, რომელიც რეგიონებში ახალგაზრდული საბჭოების შექმნასა და გაძლიერებას ისახავდა მიზნად, რეგიონული ჰაბის/საზოგადოება ,,ბილიკის“ წარმომადგენლებისგან გავიგე. გადავწყვიტე ამ პროცესებში აქტიურად ჩავრთულიყავი. ასე შეიქმნა ახალგაზრდული საბჭო, რომლის ლიდერადაც მე ამირჩიეს. ზოგადად მიზანდასახული ადამიანი ვარ, მუდმივად ვცდილობ საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმე ვაკეთო, თუმცა ვთვლი, რომ ინდივიდების მიმართ საზოგადოებას ნაკლები ნდობა აქვს, ხოლო როცა ორგანიზაციას წარმოადგენ და გყავს გუნდი, ნდობა იზრდება. სწორედ EDEC-მა მოგვცა საშუალება ჩამოვყალიბებულიყავით ორგანიზაციად და ბევრი საქმე ადამიანთა სასიკეთოდ გადაგვეწყვიტა. EDEC- ის მიერ წყალტუბოში ორგანიზებულმა ტრენინგებმა, საბჭოს წევრებს, გარდა კომპეტენციების ამაღლებისა, ერთმანეთს შორის კავშირების გაღრმავების შესაძლებლობა მოგვცა. ტრენინგების შემდეგ დუშეთისა და გურჯაანის ახალგაზრდული საბჭოს წევრები გორში ჩამოვიდნენ. გავაფორმეთ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, შევიმუშავეთ საერთო გეგმა, შევხვდით მერიის, საკრებულოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. დავსახეთ მიზნები, შევჯერდით ახალგაზრდების ჩართულობით, სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაზე. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ კიბერ სპორტული შეჯიბრი, რომელმაც იანვრის თვეში აიღო სტარტი და მრავალი ახალგაზრდა გააერთიანა.
საზოგადოებრივ საქმეებში აქტიურმა ჩართულობამ, ჩვენ მოგვცა რწმენა, შეგვკრა ერთ ძლიერ გუნდათ და დაგვასახინა უფრო ამბიციური ამოცანები, შევიძინეთ ახალი მეგობრები, გავაღრმავეთ სოციალური კავშირები სხვა რეგიონების ახალგაზრდულ საბჭოებთან. ახალგაზრდების გაძლიერება ჩვენ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა. ინიციატივა ,,ახალგაზრდებში მოხალისეობრივი ჩართულობის გაზრდა’’ ედეკის მიერ გამოცხადებული მცირე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია, რომლის ფარგლებშიც უამრავი საინტერესი ონიციატივა განხორციელდა. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო, კარალეთის პირველი საჯარო სკოლის მიერ ჩამოყალიბებული თეატრალური წრე. მასში გაერთიანებულმა მოსწავლეებმა წარმოდგენა გამართეს, ხოლო შემოსული თანხა სრულად გადაურუცხეს საქველმოქმედო ფონდს, რომელიც სოციალურად დაუცველ ბავშვებს ეხმარება.
ადამიანები, ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით ვფასობთ, რაც უფრო მეტია სასიკეთო გავლენა სხვაზე, მით უფრო ძლიერდება საზოგადოება. ძლიერი საზოგადოება ქმნის ძლიერ თაობებს და ამ დიდ საქმეში ჩვენ ყველა დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია.