გენდერული თანასწორობის და საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა იანეთის საჯარო სკოლაში პედაგოგებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის 28 იანვარს საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
საინფორმაციო შეხვედრის მიზანი გენდერული თანასწორობის, ნაადრევი ქორწინების, მასთან დაკავშირებული რისკების, ოჯახში ძალადობის პრევენციის, ევროპული ფასეულობების და ღირებულებების, საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება იყო. შეხვედრას სულ 49 ადამიანი დაესწრო, 13 მასწავლებელი და 36 მოსწავლე.
საინფორმაციო შეხვედრას ტრენერთა ტრენინგზე (TOT) გადამზადებული ახალგაზრდები დემეტრე კობეშავიძე, ეკა ჯორბენაძე, თამუნა ქიმაძემ და გიორგი აბესაძე უძღვებოდნენ. ისინი 2019 წლის მაისის ჩათვლით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფელსა და ქალაქში ოჯახში ძალადობის და ადრეული ქორწინების, ასევე „ევროკავშირის და საქართველოს“ შესახებ საინფორმაციო კამპანიას ჩაატარებენ.
მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან და თემის ლიდერებთან შეხვედრა სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში ჩატარდა. პროგრამა საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).