კავკასიის ზრუნვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა ქსელის (CCC Network) ინიციატივით, პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად (PPSP) პროექტის ფარგლებში, ბორჯომში 2–დღიანი სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთის“ ორგანიზებით ჩატარდა.
სამუშაო შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სერვისების გაძლიერების ხელშეწყობისთვის მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საბჭოს სტრაქტურისა და დებულების ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად.
შეხვედრას კავკასიის ზრუნვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა ქსელის (CCC Network) პრეზიდენტი ლიკა კილაძე წაუძღვა.
მასზე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, ხოლო ფასილიტაცია გაუწია ექსპერტმა შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებში ვიქტორია მიდელაურმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო შშმ პირთა სერვისების გაძლიერების ხელშეწყობისთვის მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საბჭოს ხედვა და მიზნები. ჩამოყალიბდა ერთიანი საბჭოს დებულების სტრუქტურა, რის შემდეგაც მონაწილეები მცირე თემატურ სამუშაო ჯგუფებად გადანაწილდნენ. შეხვედრა შედეგების პრეზენტაციითა, დისკუსიითა და შეჯამებით დასრულდა.
პროექტი „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ ხორციელდება არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) საქართველოს მიერ. პროექტს ადგილზე ახორციელებენ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი’’ (CHCA) და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF). პროექტის დონორია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.