განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში გამოცხადებული ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის “ქალებს შეუძლიათ” გამარჯვებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის მე–11 კლასის მოსწავლე, სამოქალაქო განათლების კლუბის „ედელვაისი“ ლიდერი მარიამ სხილაძე გახდა.
კონკურსში მონაწილიეობა იმერეთის რეგიონის 5 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მიიღეს. მის ფარგლებში მონაწილეებს მიმდინარე წლის 3-8 მარტს, ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, უნდა განეხორციელებინათ კვირეული, გაემართათ სხვადასხვა კრეატიული, სახელოვნებო აქტივობები, შეექმნათ საინტერესო საინფორმაციო მასალა და წარმოედგინათ ინფორმაცია აღნიშნულ აქტივობებზე პრეზენტაციის სახით.
მიღებული პრეზენტაციები კომისიამ განიხილა რამდენიმე კრიტერიუმის (ნაშრომის შესაბამისობა კონკურსის იდეასთან, აქტივობების მრავალფეროვნება, კრეატიულობა) მიხედვით და გამოავლინა გამარჯვებული კონკურსანტი.
კვირეულის ფარგლებში გამარჯვებული კლუბის “ედელვაისი” წევრებმა დაამზადეს კედლის გაზეთები; ჩაატარეს ტესტირება, იმის დასადგენად, თუ რამდენად კარგად იცოდნენ მოსწავლეებმა ქალთა უფლებების შესახებ; მოაწყვეს აქცია სამოქალაქო თემაზე „ქალებს შეუძლიათ“; ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე გამართეს ფილმის ჩვენება და განხილვა; დაამზადეს და ინტერნეტში განათავსეს სამოტივაციო ვიდეორგოლი ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების შესახებ.
გამარჯვებული ნამუშევარი დაჯილდოვდება განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ მაისის თვეში დაგეგმილი პროგრამის „მომავლის თაობა“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე.