22 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოსთან პარტნიორობით, პროექტის “ჩემი სახლის მმართველი – პროფესიული კვალიფიკაცია“ ფარგლებში მრგვალი მაგიდა მოეწყო, რომლის მიზანი იყო საბინაო სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობა.
შეხვედრას ქალაქ ბათუმის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების, ქალაქ ბათუმის მერიის, ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
მრგვალი მაგიდის ფარგლებში, ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელმა ჯაბა ბერიძემ ვებგვერდის bma.batumi.gov.ge პრეზენტაცია გამართა, რომელიც საბინაო სექტორში არსებული გამოწვევების საპასუხოდ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს, საერთო საკუთრების მოვლა–პატრონობისთვის მორგებულ სერვისებს აწვდის. პლატფორმის განახლება განხორციელდა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით.
ღონისძიებაზე EDEC–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა შენობა – ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის პროფესია წარადგინა. ასევე, გაიმართა დისკუსია თემაზე: საბინაო სექტორში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
პროექტს „ჩემი სახლის მმართველი – პროფესიული კვალიფიკაცია” ახორციელებს „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი (CHCA), გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ფინანსური მხარდაჭერით.