სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ მონაწილეებმა „სამოქალაქო კლუბების მედია საშუალებებთან თანამშრომლობისა“ და „ადამიანის უფლებების“ თემებზე ტრენინგები გაიარეს.
მოსწავლეებმა შეისწავლეს მედიასთან ურთიერთობის გზები, მედიაკამპანიების დაგეგმვა, ახალი ამბების, რეკლამების მომზადების სპეციფიკა, ყალბი ამბების ამოცნობის ხერხები, ასევე, მიმოიხილეს მედიაწიგნიერების მნიშვნელოვანი ასპექტები. ტრეინიგს გაეროს ასოციაციის პროგრამების კოორდინატორი დასავლეთ საქართველოში ილია ნაცვალაძე უძღვებოდა.
„როდესაც ამბობ, რომ ხარ აქტიური მოქალაქე და ჩართული ხარ საზოგადოებრივ საქმიანობაში, აუცილებელია იცოდე საზოგადოებასთან სწორად ურთიერთობა, მათ შორის მედიის საშუალებით. ამ ტრენინგის საშუალებით მივიღე ჩემთვის საინტერესო ბევრ შეკითხვაზე პასუხი“ – მარიამ სხილაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრი.
ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ტრენინგი ინტერაქტიული იყო, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიებში, კითხვა–პასუხის რეჟიმში განიხილავდნენ მათთვის საინტერესო საკითხებს. ტრენინიგს სახალხო დამცველის რეგიონული კოორდინატორი მადონა ბასილაძე უძღვებოდა.
„ჩვენთვის, როგორც სამოქალაქო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ახალგაზრდებისთავის, მნიშვნელოვანია, ახლოს გავეცნოთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, გავიაზროთ, თუ რა გზები არსებობს ჩვენს სახელმწიფოში მათ დასაცავად. სწორედ ამიტომ, მსგავს ტრენინგებში მონაწილეობა ხელს უწყობს ჩვენი მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას“ – თინათინ ლაბაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრი.