დასრულდა სამდღიანი ტრენერთა ტრენინგის მეორე ეტაპი სოციალური მეწარმეობის თემაზე, რომელიც პირისპირ ფორმატით დაბა ბაკურიანში, სასტუმროში „კომორები ბაკურიანი რეზორთი“ გაიმართა. ტრენერთა ტრენინგში კონკურსის შედეგად შერჩეული იმერეთისა და შიდა ქართლის სკოლების მასწავლებლები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მონაწილეობდნენ.
ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ სოციალური მეწარმეობის არსს და გაეგოთ მეტი ბიზნესის რეგისტრაციის სამართლებრივი საკითხების, ბიზნესის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ეტაპების, რესურსების მობილიზების, ბიზნეს იდეის განვითარების, ბიზნეს გეგმის სტრუქტურის, ფინანსური ფორმების, მარკეტინგის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
ტრენერთა ტრენინგი ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში კარიერის მართვის და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით“ ფარგლებში.
პროექტის მიზანია უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ახალგაზრდების, დემოკრატიულ საქმიანობაში და შრომის ბაზარში ჩართვის ხელშეწყობა, სოციალური უთანასწორობის შემცირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მდგრადი განვითარების გზით.
პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია: Childfund Deutschland E.V, (გერმანია), სამეწარმეო სკოლა (უკრაინა), არასამთავრობო ორგანიზაცია “Vesta” (მოლდოვა), ECOVISIO (მოლდოვა), CODE სოციალური მეწარმეობის ჰაბი (სომხეთი) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (საქართველო).