5 მარტს ქალაქ ქუთაისში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) ქუთაისის მერიის წარმომადგენლებთან ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობის ახალი პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძემ წარადგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენლები.
შეხვედრა მიზნად ისახავდა პროექტის ამოცანებისა და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობას და მერიასთან თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას.
36 თვიანი პროექტი, რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში – იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება, მიზანად ისახავს განათლებადან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაციას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმების შედეგების მიღწევას, სოციალურ ინტეგრაციას და სიღარიბისა და მოწყვლადობის დონის შემცირებას.
„ისწავლე დასაქმებისთვის!“ პროექტის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში ფუნქციონირებას დაიწყო დასაქმების ცენტრმა. პროექტის ფარგლებში, 3,240 სამუშაოს მაძიებელი მიიღებს ცოდნასა და გაიუმჯობესებს შრომის ღია ბაზარზე სამუშაოს ძიების უნარებს, მათგან 720 პირი ჩაერთვება პროფესიული მომზადება–გადამზადების პროგრამაში – სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებისა და სტაჟირების პროგრამებში, რომელთა მინიმუმ 50% დასაქმდება.
პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.