2 – 4 სექტემბერს, ქუთაისში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი პროფესიული მომზადების პროგრამის ,,მარნის მასპინძელი’’ განმახორციელებელი კოლეჯების ,,იბერია’’ და ,,ერქვანი’’ წარმომადგენელთათვის ტრენერთა ტრენინგს მართავს. ტრენინგს ღვინის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი დარციმელია წარუძღვება.
პროფესიული მომზადების პროგრამა „მარნის მასპინძელი“ შექმნილია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,სწავლა წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის (ისწავლე დასაქმებისთვის!)” ფარგლებში.
პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულმა იცოდეს რეგიონის ძირითადი გეოგრაფიული და ისტორიული, ადმინისტრაციული, ეკონომიკური თუ სოციალური საკითხები. ძირითად ინფორმაცია მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ; ვაზის უმთავრესი საერთაშორისო და ქართულ ჯიშები და ადგილწარმოშობის დასახელებები სტილისა და სხვა ძირითადი მახასიათებლების მიხედვით. ასევე შეძლოს ტურის მომზადება, ტურის გაძღოლა. გიდის ეთიკის ნორმების გამოყენება, ღვინის დეგუსტაციის ჩატარება, ღვინის სერვირება და ღვინის წარდგენა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.
პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრთან (GYRC) ერთად ახორციელებს.