2022 წლის 2 ივნისს, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონული ჰაბის – ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსა (LDA) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი.
ფორუმის მიზანი იყო მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, პოტენციური დონორების მოზიდვა და იმერეთის მხარეში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება. ფორუმს დაესწრებიან იმერეთის მხარის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგააზრდები (სტუდენტები), დონორი ორგანიზაციების, თვითმმართველობების, ბიზნეს სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.
ფორუმი სამი პანელისაგან შედგებოდა. პირველი პანელზე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების საჭიროებები და გამოწვევები და ასევე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების რეფორმის კონცეფცია. მეორე პანელი დაეთმო კომუნიკაციას პოტენციურ დონორებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის. მესამე პანელზე განიხილეს მოხალისეობის გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში.
ასევე ფორუმის ფარგლებში მოეწყო გამოფენა იმერეთის მხარეში მოქმედი არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციების მონაწილეობით, სადაც მათ წარადგინეს თავიანთი მიმდინარე აქტივობები.
ფორუმი გაიმართა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.