3 თებერვალს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG) თანამშრომლობით, დასაქმების მხარდამჭერი სერვისების განვითარების თემაზე, შიდა ქართლის თვითმმარველობის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა რეგიონში დასაქმების მხარდამჭერი სერვისების და სოციალური დიალოგის ხელშემწყობი რეგიონული საბჭოების მოდელის განხილვას და სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვას.
შეხვედრას ესწრებოდნენ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგის ჩიტიაშვილი.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ მონაწილეებს შეხვედრის მიზნები გააცნო და სოციალური დიალოგის ხელშეწყობი რეგიონული საბჭოების მოდელზე ისაუბრა. EDEC-ს დასაქმების კონსულტანტმა ნინო მეგრელიშვილმა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები და დაგეგმილი აქტივობები წარადგინა და რეგიონში შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. შეხვედრას ფასილიტაცია უწევდენენ საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენლები თეონა ლებანიძე და ზურაბ სამარღანიშვილი.
პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტთან (ICI) ერთად, ევოროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ექვს რეგიონში – იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ახორციელებს. პროექტი მიზანად ისახავს განათლებადან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაციას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმების შედეგების მიღწევას, სოციალურ ინტეგრაციას და სიღარიბისა და მოწყვლადობის დონის შემცირებას.
საქართველოს გაეროს ასოციაცია, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის დაფინანსებით, ახორციელებს „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ (LINKS) პროექტს. მისი მიზანია ცოდნისა და უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსებისა და ღონისძიებების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდა პროექტის ოთხ სამიზნე რეგიონში: აჭარა, გურია, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი.