18 ნოემბერს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) თემაზე „ზოგადი განათლების სფეროში არსებული გამოწვევები COVID-19 – ის გავრცელების პირობებში“ მასშტაბური შეხვედრა გამართა.
შეხვედრა მიზანად ისახავდა ზოგადი განათლების სფეროში კორონავირუსის პანდემიის გავრცელებით გამოწვეული პრობლემების მიმოხილვას და არსებული განათლების პოლიტიკის ალტერნატივების, ადგილობრივი და საერთაშორისო მაგალითების, დისტანციური ინკლუზიური განათლების გამოწვევების და მათი დაძლევის გზების განხილვას.
ონალაინ შეხვედრა გახსნა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძემ, ხოლო შეხვედრის მოდერაცია განახორციელა განათლების კოალიციის ხელმძღვანელმა გიორგი ჭანტურიამ.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძემ, განათლების ექსპერტებმა სიმონ ჯანაშიამ და რევაზ აფხაზავამ, გადავარჩინოთ ბავშვების (Save the Children) საქართველოს ოფისის ინკლუზიური და ადრეული განათლების ექსპერტმა ანა ლაღიძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) განათლების სპეციალისტმა ნათია ჯოხაძემ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ განათლების საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები, სულ 150–მდე მონაწილე.
ონალაინ შეხვედრა ევროკავშირის პროექტის „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში გაიმართება. პროექტს საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), პარტნიორ ორგანიზაციებთან – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) და მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით ახორციელებს.