2023 წლის 30 ოქტომბერს, თბილისში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან პარტნიორობით დოკუმენტის “მოხალისეობრივი საქმიანობა საქართველოში და ევროპაში: შედარებითი ანალიზი-ს” პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტი შემუშავდა დამოუკიდებელი ექსპერტის – მარიკა მხეიძის მიერ, სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის, 2023 წლის სამოქმედო გეგმის, მეოთხე მიზნის, ამოცანა 4.2.-ის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობას.
ინიციატივის მიზანია, შეიქმნას სამოქალაქო პლატფორმა სტრუქტურული დიალოგისთვის ახალგაზრდობის მოხალისეობის სფეროში. Მსგავსი ტიპის არაფორმალური პლატფორმა, შესაძლოა სამომავლოდ ჩამოყალიბდეს რეგულარული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მექანიზმად. რაც ხელს შეუწყობს სფერო გახდეს მეტად კოორდინირებული, გაიზარდოს საჯარო, სამოქალაქო და კერძო სექტორის თანამშორმლობა ახალგაზრდების მოხალისეობის სფეროში.
შეხვედრას მოხალისეობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დოკუმენტი შეიქმნა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).