დასრულდა ექვსდღიანი ტრენერთა ტრენინგის პირველი ეტაპი სოციალური მეწარმეობის თემაზე, რომელიც ონლაინ ფორმატით გაიმართა და კონკურსის შედეგად შერჩეული იმერეთისა და შიდა ქართლის სკოლების 17 მასწავლებელი და უმაღლესი სასწავლებლების 8 სტუდენტი გააერთიანა. ტრენინგის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაიგოთ მეტი სოციალური მეწარმეობის არსის შესახებ, გაცნობოდნენ სოციალური საწარმოს მართვისა და ორგანიზაციული კულტურის თავისებურებებს, შეესწავლათ მეწარმეობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები, სწავლა სწავლების მეთოდები და გაეზიარებინათ სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო გამოცდილება.
ტრენერთა ტრენინგი ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში კარიერის მართვის და სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარება ინოვაციური მოდელის საშუალებით“ ფარგლებში.
პროექტის მიზანია უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ახალგაზრდების, დემოკრატიულ საქმიანობაში და შრომის ბაზარში ჩართვის ხელშეწყობა, სოციალური უთანასწორობის შემცირება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მდგრადი განვითარების გზით.
პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციებია: Childfund Deutschland E.V, (გერმანია), სამეწარმეო სკოლა (უკრაინა), არასამთავრობო ორგანიზაცია “Vesta” (მოლდოვა), ECOVISIO (მოლდოვა), CODE სოციალური მეწარმეობის ჰაბი (სომხეთი) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (საქართველო).