21 მაისს ქალაქ ქუთაისში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია პროგრამის ფარგლებში 2018–2021 წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების და მიღწეული შედეგების შესახებ.
ღონისძიების მეორე ნაწილში, სამოქალაქო კლუბის წევრები გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ კვირეულს შეუერთდნენ და სხვადასხვა გზავნილებით საზოგადოებას გზებზე სიჩქარის შემცირებისკენ მოუწოდეს.
პროგრამა „მომავლის თაობა“, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2018 წლიდან ახორციელებს, ინიცირებულია ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის (პროექტი ჰარმონიის ფილიალი საქართველოში) და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
პროგრამა მიზანად ისახავს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხის გაუმჯობესებას, ახალგაზრდების ცოდნის ამაღლებაში, დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაში მხარდაჭერას და მათი მონაწილეობის ხელშეწყობას დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.
პროგრამაში ჩართული იყო იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლები, მათ შორის ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ხარაგაულის, წყალტუბოს და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში არსებული სასწავლო დაწესებულებები.
პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, გაიცა 17 მცირე გრანტი, ჩატარდა 10 ტრენინგი და 27 კონკურსი, შედგა 6 სასწავლო ვიზიტი, გაიმართა 23 შეხვედრა კომპეტენტურ პირებთან, განხორციელდა 281 საკლასო პროექტი და 340 საკლუბო ინიციატივა, მიღწეულ იქნა 90 გადაწყვეტილება სხვადასხვა მხარეებთან თანამშრომლობით და ჩატარდა 141 სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოს მონიტორინგი.