2022 წლის 21 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და შიდა ქართლის რეგიონული ჰაბის – საზოგადოება ,,ბილიკის’’ ორგანიზებით, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში „რეგიონული ფორუმი ახალგაზრდული და მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებისთვის“ გაიმართა. ფორუმს დაესწრნენ ახალგაზრდები (უფროსკლასელები, სტუდენტები), მოხალისეები, პედაგოგები, ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების, თვითმმართველობების, მედიისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები.
ფორუმის მიზანი იყო შიდა ქართლის რეგიონის ახალგაზრდების აქტიური ჩართვა ადგილობრივი თემის საჭიროებების გადაწყვეტაში, მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდული საბჭოების როლისა და საქმიანობის მხარდაჭერა. ასევე, მოსახლეობაში რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა, მათი საქმიანობის, განხორციელებული პროექტების შესახებ რეგიონის მოსახლეობის ინფორმირება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ ნდობის ამაღლება.
ფორუმის ფარგლებში, ახალგაზრდებმა, მცირე ჯგუფებში, ფასილიტატორებთან ერთად, შეიმუშავეს საპროექტო იდეები. ფორუმის მონაწილე თითოეულმა ჯგუფმა, მოწვეული სტუმრებისათვის, მათი მხარდაჭერისა და ინტერესის მოპოვების მიზნით, პროექტის პრეზენტაცია წარადგინა. ღონისძიების ფარგლებში, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, მოეწყო გამოფენა, სადაც შიდა ქართლის რეგიონში მოქმედი სათემო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, მათი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და მოხალისეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა შესთავაზეს.
გამოფენაზე გორის ახალგაზრდულმა საბჭომ, ახალგაზრდული საბჭოების როლის და საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, საზოგადოებას საბჭოს საქმიანობა გააცნო. შტეფან მალერიუსმა, რეგიონული პროგრამის „პოლიტიკური დიალოგი სამხრეთ კავკასია“ ხელმძღვანელმა, სიტყვით მიმართა აუდიტორიას.
ასევე, ფორუმის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე – „სამოქალაქო აქტივიზმი და მოხალისეობა“. დისკუსიაზე მოხსენებით გამოვიდნენ ზაზა ჭიპაშვილი, გორის დემოკრატიის სკოლა, ლიკა კილაძე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე, ნინო სამსონიძე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), დიმიტრი გოგიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელი.
ღონისძიება განხორციელდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში.