ელისო თეიმურაზიშვილი ამჟამად საქართველოს ფოსტაში სერვის ცენტრის გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე მუშაობს.
„ ადამიანები ხშირად, ერთ ადგილას ყოფნას ვეჩვევით. წინ წასვლის დიდი სურვილი გვაქვს, მაგრამ გვეშინია. ნუ შეგეშინდებათ, ცხოვრებაში შეჩვევაზე საშიში არაფერია.“
სხვადასხვა პლატფორმაზე ხშირად ვეძებ სასურველ ინფორმაციას. ვთვლი რომ ონლაინ სივრციდან უამრავი სიკეთის მიღება შეიძლება. სოციალურ ქსელებს, ნაკლოვანებების მიუხედავად, უდიდესი რესურსი გააჩნია, მხოლოდ მომხმარებელზეა დამოკიდებული როგორ გამოიყენებს მას. დასაქმების პროგრამის შესახებ ინფორმაციას, სწორედ რომ სოციალურ ქსელში წავაწყდი, დავინტერესდი და როგორც სამუშაოს მაძიებელმა, ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა შევავსე.
წლების მანძილზე საბანკო სექტორში ვმუშაობდი, მაგრამ ვგრძნობდი რომ ამ სფეროში თავი მთლიანად ამოვწურე. ვეძებდი სამსახურს, რომელიც ჩემზე მორგებულ გრაფიკსა და რაც მთავარია მშვიდ გარემოში საქმის კეთების შესაძლებლობას მომცემდა. გაბედული, შრომისმოყვარე და აქტიური ადამიანი ვარ, მუდმივად მივისწრაფვი სიახლეებისა და განვითარებისკენ.
ძალიან მალე დასაქმების ცენტრიდან დამიკავშირდნენ და ადგილზე მისვლა მთხოვეს. მეც, რა თქმა უნდა ბევრი არ მიფიქრია და გასაუბრებაზე მივედი. დასაქმების კონსულტანტებმა ჩემს უნარებსა და ინტერესებზე მორგებული ინდივიდუალური შეფასების გეგმა შეადგინეს და მითხრეს, რომ ამ გამოცდილების გათვალისწინებით, მალევე შეძლებდნენ შესაბამისი სამუშაო ადგილის პოვნას. ასეც მოხდა. უმოკლეს დროში დამიკავშირდნენ და საქართველოს ფოსტაში სერვის ცენტრის გაყიდვების ოპერატორის ვაკანსია შემომთავაზეს. რა თქმა უნდა ეს შანსი გამოვიყენე და დამსაქმებელთან გასაუბრებაზე წავედი. ჩემთვის ეს სფერო ახალი იყო, თუმცა, გამოწვევა სიამოვნებით მივიღე, 3 თვიანი სტაჟირება გავიარე. შემდეგ ეტაპზე კი დასაქმების შედეგი დადგა.
ადგილი სადაც ვმუშაობ, ზუსტად ასახავს ჩემს წარმოდგენებს კომფორტულ სამუშაო სივრცეზე. თითქოს სრულიად სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. იმდენად ვიყავი შეჩვეული ციფრებთან მუშაობას, ხოლმე არც მჯერა, რომ დღეს აქ ვარ. ჩემი ყველა სურვილი ნელ-ნელა რეალობად იქცა. ძალიან მინდოდა ენების შესწავლა, მაგრამ დრო არასოდეს მყოფნიდა. ახალ სამსახურში, ხშირად მიწევს ტურისტების მომსახურება, ამიტომ ნელ-ნელა ენებსაც ვეუფლები. ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. წინ კიდევ დიდი გზაა და ვიცი, ამ გზაზე კიდევ უამრავი სასიამოვნო საქმიანი თაგადასავალი მელის.