2023 წლის 19 მაისს, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და აჭარის რეგიონული ჰაბის – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, „ჰილტონ ბათუმში“ რეგიონული ფორუმი ,,სამოქალაქო საზოგადოება მოხალისეობის განვითარებისათვის” გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები (უფროსკლასელები, სტუდენტები), მოხალისეები, სამოქალაქო აქტივისტები, პედაგოგები, ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების, თვითმმართველობების, მედიის და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები.
ფორუმის მიზანია: აჭარის რეგიონის ახალგაზრდების აქტიური ჩართვა ადგილობრივი თემის საჭიროებების გადაწყვეტაში, მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდული საბჭოების როლის და საქმიანობის პოპულარიზაცია. ასევე, მოსახლეობაში რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა, მათი საქმიანობის, განხორციელებული პროექტების შესახებ რეგიონის მოსახლეობის ინფორმირება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ ნდობის ამაღლება.
ფორუმის ფარგლებში, მოწვეული სტუმრებისთვის წარდგენილი იქნება აჭარის რეგიონში განხორციელებული მოხალისეობრივი ინიციატივები. ღონისძიების ფარგლებში სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში მოეწყობა CSO EXPO – ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების პროდუქტების გამოფენა, სადაც აჭარის რეგიონში მოქმედი სათემო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები წარმოადგენენ მათ საქმიანობას და მოხალისეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობას შესთავაზებენ.
გამოფენაზე ბათუმის ახალგაზრდული საბჭო, მისი როლისა და საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, აუდიტორიას განხორციელებულ საქმიანობას გააცნობს. ფორუმის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე – “მოხალისეობის გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში”, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით.
რეგიონული ფორუმი ხორციელდება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP)