“ერასმუსის სტუდენტური ქსელი საქართველო ახალგაზრდული მოხალისეობრივი ორგანიზაციაა, რომლის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი ახალგაზრდების აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვაა მოხალისეობის გზით, შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობა ჩვენი საქმიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო”. – მარიამ დანგაძე, ESN GEORGIA–ს ბორდის მრჩეველი, თავმჯდომარე
ჩვენი პროექტის საშუალებით გვსურს, რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოხალისეობრივი შესაძლებლობების შესახებ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ინფორმირების გარდა, აუცილებელია, მათ კონკრეტული ცოდნა ჰქონდეთ იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენონ ეს შესაძლებლობები და რა ნაბიჯები გადადგან ამისთვის, სწორედ ამიტომ პროექტის განხორციელებაში ჩვენი ორგანიზაციიდან ის ახალგაზრდები არიან ჩართულები, რომლებსაც თავად აქვთ მოხალისეობის მრავალწლიანი გამოცდილება. პირადად მე ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ქუთაისში EDEC-ის მრავალ აქტივობაში ვმონაწილეობდი და ვფიქრობ, რომ სწორედ ამ დროს არის მნიშვნელოვანი სამოქალაქო აქტიურობის მნიშვნელობის გააზრდება და საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმიანობაში ჩართვა, ამიტომავ ჩვენი სამიზნე აუდიტორია სკოლის მოსწავლეებია.
ჩვენი ორგანიზაცია საქართველოში ევროპის ერთ-ერთ უდიდეს სტუდენტურ-მოხალისეობრივ ორგანიზაციას ESN-ს წარმოადგენს. ESN მსოფლიოს 44 ქვეყანაში საერთაშორისო და ადგილობრივ სტუდენტებს სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება. ჩვენი ორგანიზაცია Erasmus+ის პროგრამის განვითარებაში და მის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში აქტიურად მონაწილეობს, სწორედ ამიტომ მონაწილეებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასწავლო და მოხალისეობრივი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას აქტიურად ვუზიარებთ და მიგვაჩნია, რომ ეს ქართველი ახალგაზრდების პიროვნული და კარიერული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.