ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან თანამშრომლობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა პროგრამის „მომავლის თაობა“ მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის განხორციელებისას დაიწყო.
ამ თანამშრომლობის შედეგად სოფელში არსებული ნაგავსაყრელები ნაგვის ურნებმა ჩაანაცვლა და დაინერგა დასუფთავების სერვისი.
მეორე ეტაპზე კლუბის ადვოკატირების შედეგად სკოლამდე მისასვლელი გზა მოწესრიგდა და განთავსდა საგზაო ბანერი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლამდე მისასვლელ ხიდს.
31 ოქტომბერს სოფელ ილემის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „ედელვაისის“ წევრების მიერ, სკოლის ადმინისტრაციასთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით სკოლის მიმდებარედ სიჩქარის შემზღუდველი საგზაო ნიშანი დაიდგა. უშუალოდ მოსწავლეების მიერ დაიხაზა ზებრა გადასასვლელი.
ფლორა ჯიქურიძე: „ჩვენი კლუბის მუშაობის რეალურ შედეგებს, რომ ვხედავთ, ყველაზე უფრო ეს გვახარებს. თანამშრომლობით ბევრის მიღწევაა შესაძლებელი და ამის მაგალითი ჩვენს მიერ განხორციელებული ინიციატივებია.”
სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა” ხორციელდება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ამერიკული ორგანიზაცია PH International- ის მიერ. იმერეთში პროგრამას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი ახორციელებს.