კონფერენცია „ახლოს ხალხთან – უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება“ ხელისუფლების, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლების და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, თბილისში, 29 მარტს გაიმართა.
კონფერენციის მიზანი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა. კონფერენცია განსაკუთრებულად იყო ფოკუსირებული საქართველოს რეგიონებში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობაზე და მასში 150-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა, მონაწილეებს მასთან ერთად ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი და პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ გუნდის ლიდერი დავით აფრასიძე მიესალმნენ.
კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე სადისკუსიო პანელი მოეწყო, რომლებზეც სხვადასხვა საკითხები მიმოიხილეს, მათ შორის ევროპასთან ინტეგრაციის და რეგიონული განვითარების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლი, ინსტიტუტების გაძლიერება, კარგი მმართველობა და სხვა საკითხები.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) კონფერენციაზე სპეციალური პანელით წარსდგა, რომელიც მოხალისეობას მიეძღვნა. პანელის მოდერატორი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარე ლიკა კილაძე იყო.
პანელის ფარგლებში სამოქალაქო აქტივიზმზე და მოხალისეობაზე ისტორიულ კონტექსტში მწერალმა გიორგი კეკელიძემ ისაუბრა, საბჭოთა საქართველოში მოხალისეობის კულტურა კი განათლების საკითხების მკვლევარმა სიმონ ჯანაშიამ მიმოიხილა. 90-იან წლებში სამოქალაქო აქტივიზმი და მოხალისეობა მწერალმა დათო ტურაშვილმა გაიხსენა, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება და მოხალისეობა დღეს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ლევან ბერძენიშვილმა განიხილა.
კონფერენცია ორგანიზებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის, ლიბერალური აკადემია თბილისის და პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ მიერ. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS). პროექტს კონრად ადენაუერის ფონდთან (KAS) ერთად ახორციელებენ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC)