ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს „ჯადოსნური სამყარო“ ესტუმრა.
ელჩი ადგილზე გაეცნო იმ აქტივობებს, რომლებშიც დღის ცენტრის ბენეფიციარები ყოველდღიურად არიან ჩართული – ჯგუფურ და ინდივიდუალურ მუშაობას, სენსორული რეაბილიტაციის ოთახს და დღის ცენტრის გარემოს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ASB საქართველოს დირექტორი დიმიტრი თოდოროვიჩი.
სტუმრებს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ, დღის ცენტრების პროგრამის კოორდინატორმა სოფიო კუპატაძემ და დღის ცენტრის პედაგოგებმა, ფსიქოლოგმა და ასისტენტებმა უმასპინძლეს.
დღის ცენტრი „ჯადოსნური სამყარო“ 10 წელია მუშაობს. ამჟამად დღის ცენტრის მომსახურებას 6–დან 18 წლამდე 30 ბენეფიციარი იღებს. დღის ცენტრს ვაუჩერული პრინციპით სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს.
ბენეფიციართა საჭიროებების გათვალისწინებით, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი მუდმივად მოიპოვებს ცენტრის გასაძლიერებლად დონორთა მხარდაჭერას. 2016 წელს ASB საქართველოს პროექტის ფარგლებში ევროკავშირის დაფინანსებით დღის ცენტრი უზრუნველყოფილ იქნა ადაპტირებული მინი ვენით, რომლიც ბენეფიციართა უსაფრთხო და კომფორტულ ტრანსპორტირებას ყოველდღიურად უზრუნველყოფს.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ასევე გაეცნო დღის ცენტრის ბაზაზე განთავსებული სოციალური საწარმოს „ფარშევანგი“ მუშაობას. საწარმოს ხელმძღვანელმა ფერიდე ლორიამ ელჩს საწარმოს მიერ შექმნილი პროდუქცია გააცნო და მისი შექმნის ისტორია უამბო.
სოციალური საწარმო „ფარშევანგი“ ქვილინგის ტექნიკით ხელნაკეთ მისალოც ბარათებს და სუვენირებს ამზადებს, როგორც ინდივიდუალური ასევე კორპორაციული კლიენტებისთვის. საწარმოში დასაქმებულია 10–მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი პირი.
ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების ფარგლებში სოციალური საწარმო „ფარშევანგი“ სხვადასხვა ტრენინგისა და პროექტში მონაწილეობდა, რომლებიც მის ინსტიტუციურ გაძლიერებას ემსახურებოდა.