პროექტი „ბიზნეს სკოლა“ დასრულდა. სკოლის კონკურსის გამარჯვებული გუნდი unik2 გახდა. ჟიურის გადაწყვეტილებით, გუნდის წევრებმა საუკეთესოდ შეასრულეს დაკისრებული დავალება და პრიზად 2 000 ლარი მიიღეს.
გამარჯვებულმა გუნდმა ქუთაისის უნივერსიტეტისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია შეიმუშავა. გამარჯვებული გუნდის წევრები არიან – ქეთევან ჯანელიძე, გიგი კაკოიშვილი, დემეტრე კობეშავიძე, მაია ომანაძე და მარიამ სირბილაძე. გუნდის მენტორი ჟურნალისტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ეკა ფხაკაძე იყო. ბიზნეს სკოლის კონკურსში სულ ოთხი გუნდი მონაწილეობდა. თითო გუნდში 5 მოსწავლე იყო და მათთან ერთად პროფესიონალი მენტორები მუშაობდნენ.
ფარმაცევტული კომპანიის „პსპ“ გუნდის ამოცანა ინტერნეტ სივრცეში სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო პროექტის შექმნა იყო, რომელიც ახალგაზრდებს ჯანმრთელობის, ჰიგიენისა და სილამაზის შესახებ ინფორმაციის მიღებაში დაეხმარებოდათ. გუნდმა ფეისუბუქ გვერდი – „ახალგაზრდები ზრუნავენ • TeensCare” შექმნა. გუნდის მენტორი იყო დავით ჟორჟოლიანი, სოციალური მედიის მენეჯერი.
„ფინკა ბანკის“ გუნდის დავალება ქუთაისის მოსახლეობის დაზოგვის კულტურის შესახებ ინფორმაციის მოძიება და ფინკა ბანკის საბავშვო დეპოზიტის პოპულარიზაცია იყო. გუნდს ნატო ჭელიძე, „ფინკა ბანკის“ ფულადი სახსრების მოზიდვის კოორდინატორი ხელმძღვანელობდა.
ქუთაისის უნივერსიტეტის ჯგუფს unik1–ს ქუთაისის უნივერსიტეტისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია უნდა შეემუშავებინა, გუნდის მენტორი იყო ილია ნაცვალაძე, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროგრამების კოორდინატორი დასავლეთ საქართველოში.
გამარჯვებული გუნდთან ერთად სპეციალური პრიზები გადაეცა ყველა გუნდს. ფარმაცევტულმა კომპანიამ „პსპ“ გუნდის წევრებს და მენტორს მათი პროდუქცია უსახსოვრა. „ფინკა ბანკმა“ გუნდის თითოეულ წევრს 100 ლარის ოდენობის მზრდი ანაბარი გაუხსნა, ხოლო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) Uunik1-ის წევრები სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.
პროექტში „ბიზნეს სკოლა” მონაწილეობისთვის ქუთაისში მცხოვრები დამამთავრებელი კლასების 60 მოსწავლე სააპლიკაციო განაცხადის და გასაუბრების შედეგად შეირჩა. პირველი ეტაპზე სკოლის მსმენელებმა ბიზნესის ზოგადი მენეჯმენტი, ფინანსური და მარკეტინგის მართვა, რესურსების მობილიზება და სამართლებრივი საკითხები შეისწავლეს. ისინი სხვადასხვა საწარმოში იმყოფებოდნენ და შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საწარმოო პროცესს, შეხვედროდნენ კომპანიების თანამშრომლებს და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
ბიზნეს სკოლის მეორე ეტაპზე გადასული 20 მონაწილე, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით კონკურსში ჩაერთო. მოსწავლეები 4 ჯგუფად გადანაწილდნენ და ერთი თვის განმავლობაში ჯგუფის მენტორთან ერთად კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად მუშაობდნენ.
პროექტი „ბიზნეს სკოლა“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ქუთაისის უნივერსიტეტის (UNIK) ერთობლივი პროექტია. პროექტის პარტნიორია „ფინკა ბანკი“ და ფარმაცევტული კომპანია „პსპ“.