ამბროლაურის ცენტრალურ პარკში 9 ივლისს სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანი რეგიონულ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის წარმოჩენა და მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციაა. ფორუმში ოცამდე ადგილობრივმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა, ღონისძიების მიმდინარეობისას სტუმრებს შეეძლოთ ადგილზე გაცნობოდნენ ორგანიზაციების საქმიანობებს და მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია. სტუმრებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, მათი ინტერესების და უნარების გათვალისწინებით, ადგილზე შეერჩიათ აქტივობა, რომელშიც სამომავლოდ მოხალისოებრივად ჩაერთვებიან.
ფორუმის მონაწილეები ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმას „დროის ბანკი“ გაეცნენ და მოხალისედ დარეგისტრირდნენ. „დროის ბანკის“ ვიქტორინის ფარგლებში არაერთი პრიზი გათამაშდა. ვიქტორინის შეკითხვები საქართველოში მოხალისეობის კულტურას უკავშირდებოდა. ფორუმის ფარგლებში მოხალისეობის შესახებ შექმნილი ნახატების საკონკურსო გამოფენა გაიმართა, სამი საუკეთესო ნამუშევარი სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა.
სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი ორგანიზებულია რეგიონული ჰაბის „ფონდი აფხაზინტერკონტი” მიერ, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში. „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.